top of page

ინფლაციის დონის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე - აქცენტი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 

საერთაშორისო ფონდი კურაციო, საქართველოში წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებული რეფორმების ფონზე, წამლების ფასის ცვლილებას იკვლევს. კვლევის მთავარ მიგნებებს ფონდის კვლევითი გუნდის ხელმძღვანელი, მაია უჩანეიშვილი გვიზიარებს.

 

რა არის კვლევის მთავარი მიგნება? 

საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში რიგი რეფორმები გაატარა, რომლებიც მიზნად ისახავდა მედიკამენტების ფასის შემცირებას და წამლებზე მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, 2022 წელს შემოღებული იქნა თურქეთიდან პარალელური იმპორტის მექანიზმი და 2023 წელს დაინერგა რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო არაპირდაპირი გაზომვით შეგვეფასებინა ამ რეფორმების შედეგი - უფრო კონკრეტულად კი რეფორმის გავლენა წამლის ფასზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე მექანიზმს დადებითი გავლენა, ანუ სახეზეა წამლების ფასის ზრდის შეჩერება და რიგ შემთხვევებში, კლება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ რეფერენტული მედიკამენტების ნუსხაში მოხვედრილი წამლების ფასის კლების დადებითი ტენდენცია.   

 

კვლევის მიხედვით, რა წამლები გაიაფდა ან გაძვირდა რეფერენტული ფასის რეგულაციის შემოღების შემდეგ და რა მიმართულების წამლებზე იკვეთება ფასის ყველაზე მეტად შემცირების ან კლების ტენდენცია?  როგორ ხსნით ამ ტენდენციებს?   

 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემის საფუძველზე (რაც მეტად წინასწარი მონაცემებია და ინტერპრეტაციისას დიდი სიფრთხილეა საჭირო) შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდისთვის რეფერენტული ფასწარმოქმნის მიღმა დარჩენილი მედიკამენტების ჯგუფებში (ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტები) ფასმა მოიმატა, მაშინ როდესაც რეფერენტულ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებზე ფასის კლება აღინიშნებოდა. აღნიშნულ ტენდენციას უფრო გრძელვადიანი დაკვირვება სჭირდება და მომდევნო ორი კვარტლის მონაცემები მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დაზუსტებით ვისაუბროთ რეფორმების შედეგებზე.

 

კვლევაში დასმულია აქცენტი ბოლო პერიოდის, 2017-2023 წლებში

განხორციელებულ რეფორმებზე. რეფერენტული ფასის რეფორმას სხვა რეფორმებთან შედარებით როგორ შეაფასებდით?

 

ბოლო 10 წლის მანძილზე სახელმწიფოს ჰქონდა არა ერთი მცდელობა დაერეგულირებინა მედიკამენტების ფასები და შეემცირებინა მოსახლეობისთვის წამლებზე დახარჯული თანხით გამოწვეული ტვირთი, თუმცა ეს მცდელობები ყოველთვის პოზიტიურ შედეგს არ იძლეოდა, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. 2023 წელს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ამ ეტაპზე პოზიტიური შედეგი აქვს (გავმეორდები პირველი ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით) და მოსახლეობის კვლევებიც ადასტურებს ამ ფაქტს. არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ეს პოზიტიური ეფექტი თურქეთიდან იმპორტის და რეფერენტული ფასის კუმულაციური ეფექტი იყოს და სწორედ ამიტომ, ფასების დინამიკა დროის უფრო გრძელვადიან პერიოდში დაკვირვებას საჭიროებს. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს მომავალშიც დააკვირდეს ფასების ტენდენციას.   

 

რა მოლოდინია, მომავალში როგორ იმუშავებს რეფერენტული ფასის მექანიზმი?   

 

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ახალი დანერგილია და რთულია პროგნოზების შესახებ საუბარი. თუმცა, იმისთვის რომ მედიკამენტების ფასის და მათი ხელმისაწვდომობის რეგულირება ეფექტური იყოს, აუცილებელია დამატებითი მექანიზმების ეფექტური ამოქმედებაც, მაგალითად, როგორიცაა ელექტრონული რეცეპტი, რომელიც ჯერ მხოლოდ 10-15%-ში მუშაობს, მედიკამენტების ფასებზე და მარაგებზე უწყვეტი მონიტორინგი, ექიმების საქმიანობის მონიტორინგი და ა.შ. ასევე უნდა ითქვას რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი კერძო კომპანიებით არის წარმოდგენილი, რომლებიც საკმარისად მოქნილები არიან, რომ ნებისმიერ სახელმწიფო რეგულაციებს ალტერნატიული მიდგომებით სწრაფად უპასუხონ. შესაბამისად, რეფორმების საშუალო და გრძელვადიანი შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო და კერძო სექტორის ისეთ თანამშრომლობაზე/პარტნიორობაზე, როდესაც ყველა რაღაც დათმობაზე მიდის მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

 

 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია კვლევისა და მისი შედეგების შესახებ. 

bottom of page