top of page

სახელმწიფოს როლი​

სახელმწიფოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პროგრამებისა და რეფორმების გზით შეუძლია. 

მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა

2017 წლიდან საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა მოქმედებს.

 

პროგრამა  მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფისთვის მოქმედებს და  მედიკამენტების უფასო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ჯგუფებია: საპენსიო ასაკის, შშმ პირის სტატუსის, ვეტერანი, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 

ხოლო ქრონიკული დაავადებები, რომელზეც სახელმწიფო პროგრამა იღებს პასუხისმგებლობას, შემდეგია:

 

▪️ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები

▪️ ფილტვის ქრონიკული დაავადებები

▪️ დიაბეტის II ტიპი 

▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

▪️ ეპილეფსია

▪️ პარკინსონის დაავადება

მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთიდან

 

2022 წლის იანვრიდან საქართველოში დაშვებულია მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთიდან. პარალელური იმპორტის დაშვება მედიკამენტის ავტომატურ აღიარებას გულისხმობს, შესაბამსად, თურქეთში რეგისტრირებული მედიკამენტის საქართველოში რეალიზაცია, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა შესაძლებელი.  

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებზე 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს.  

ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სისტემა

სისტემა 2022 წლს 11 აპრილიდან მოქმედებს. მისი არსებობა ექიმს ავალდებულებს რეცეპტში მიუთითოს წამლის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელება. გენერიკის გამოწერისას ექიმი უთითებს მედიკამენტში შემავალ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით და ფასით იყოს წარმოდგენილი.  

ამგვარად, პაციენტს საშუალება აქვს, მოიძიოს იდენტური სამკურნალო ეფექტის მქონე სხვადასხვა სავაჭრო დასახელების მედიკამენტები და შეარჩიოს მათგან ყველაზე ხელმისაწვდომი ალტერნატივა.

 

ერთიანი ელექტრონული სისტემა ზედამხედველობის ინსტრუმენტიცაა, რომელმაც პაციენტი პოლიპრაგმაზიისაგან უნდა დაიცვას. ელექტრონულ სისტემაში აისახება როგორც ექიმის მიერ გამოწერილი, ასევე აფთიაქში, ფარმაცევტის მიერ გაცემული მედიკამენტი.

რეფერენტული ფასები

რეფერენტული ფასი მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ერთი ინსტრუმენტია. ის გულისხმობს მედიკამენტის ღირებულების ზედა ზღვრის დადგენას, რაც დაუშვებელს ხდის მის დადგენილ ფასზე უფრო ძვირად გაყიდვას.  

2023 წლიდან 1300 ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა, ის ეტაპობრივად სხვადასხვა მედიკამენტზეც განისაზღვრება.  მთავრობის გათვლით, რეფერენტული ფასების დაწესება მედიკამენტების ღირებულებას  საშუალოდ 40% ით გააიაფებს.

 

გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მედიკამენტებზე ფასების რეგულირების გავრცელებული პრაქტიკაა. მას ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს.  ამ პოლიტიკის გატარება დაიწყეს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.  

კიდევ რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს? 

რეფერენტული ფასების დაწესების პოლიტიკა მედიკამენტების ფასების რეგულირების სხვა მექანიზმებთან ერთად უკეთეს შედეგს იძლევა.

 

თუ არ შემცირდა მედიკამენტების მოხმარება, ფასების გაიაფების მიუხედავად, წამლებზე დანახარჯები არ შემცირდება. ამიტომ, აუცილებელია, პარალელურად პოლიპრაგმაზიის პრევენციაზე ზრუნვა, რაც შესაძლებელია რეცეპტის გამომწერსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის ურთიერთობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვადახვა დაავადებების მართვის გაიდლაინების შემუშავების გზით. 

 

ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა, უკვე არსებული რეგულაციების მონიტორინგი და ზედამხედველობა.

bottom of page